ახალი ჟურნალი ბუნების მოყვარულთათვის

ბუნების წიაღიდან ბოძებულ სიმდიდრეზე როცა არის საუბარი, უმეტეს ჩვენთაგანს ოქრო, ნავთობი ან გაზის საბადოები წარმოუდგება თვალწინ. ხოლო ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სიმდიდრეს ველური ბუნება წარმოადგენს, რომელიც შეუფასებელიც არის და სამწუხაროდ დაუფასებელიც. ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები ზომავენ მარაგებს და უკვე ფიქრობენ იმაზე, თუ რა მოხდება, როცა ეს მარაგები გამოილევა, ან თვითონ ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება. ველური ბუნება კი ის რესურსია, რომელზეც მოთხოვნა სულ უფრო მატულობს და რომლის გამოლევა მხოლოდ ჩვენივე, ადამიანების დაუდევრობით და უკიდეგანო სიხარბით არის შესაძლებელი.

ველურ ბუნებაზე უზარმაზარი წნეხის გამო, რაც სულ უფრო გამანადგურებელ და ხშირად შეუქცევად ეფექტს იწვევს, აუცილებელია განგაშის გამოცხადება და მყისიერი ზომების მიღება მის შესანარჩუნებლად. ჩვენ, საქართველოს ბუნებაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც წარმოვადგენთ სახელმწიფო, საზოგადოებრივ, არასამთავრობო, სამეცნიერო და კერძო სექტორს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე (ჟურნალი „ველური ბუნება“), სადაც ვიმსჯელებთ, ვიკამათებთ და რაც მთავარია, ერთობლივი ძალებით შევეცდებით გადავჭრათ პრობლემები. ვიმედოვნებთ, რომ ეს საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ განადგურებისგან დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ბუნება, არამედ ვისწავლოთ მისი მდგრადი გამოყენება და განვითარება.

ჟურნალი „ველური ბუნება“ სწორედ ამ მიზნით გაერთიანებული, თითქოს აქამდე დაპირისპირებული ადამიანების პირველი ერთობლივი პროექტია. ეს ინიციატივა ცხადყოფს, რომ ბუნებას შეუძლია ჩვენი გაერთიანება, რათა მოხდეს არსებული ცოდნის, გამოცდილების და ენერგიის არა ერთმანეთის წინააღმდეგ (რაც პირველ რიგში ისევ ბუნებას ვნებს), არამედ ერთმანეთის გასაძლიერებლად გამოყენება, რაც ადამიანისა და ველური ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას უზრუნველყოფს.


გოჩა კობერიძე
მთავარი რედაქტორი

პარტნიორები