სოკოები

სოკო ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ბინადარია. მიიჩნევენ, რომ უკვე 400 მილიონი წელია, რაც ის დედამიწაზე არსებობს. ასე რომ, ადამიანი გაჩენის დღიდანვე იცნობს მას, აგროვებს, მიირთმევს და ახალ-ახალ რეცეპტებს იგონებს. სოკო გვხვდება ყველა კლიმატურ ზონაში, გარდა ანტარქტიდისა. აღწერილია 1600-მდე სახეობა. საქართველოში დაახლოებით 100-მდე ჯიშია ცნობილი, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კერძების მრავალფეროვნებით განთქმული ქართული სამზარეულო სოკოსგან მომზადებული კერძების სიუხვით ვერ დაიტრაბახებს; მეტიც, არც სოკოს მოგროვება ყოფილა ოდესმე ჩვენში პოპულარული, რაც ალბათ მოწამვლის შიშით განპირობებული ზედმეტი სიფრთხილით აიხსნება.
საბედნიეროდ, ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა სოკოზე „ნადირობის“ მოყვარულთა რაოდენობამ. ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, სოკოს საკრეფად სიარული მოდაშიც კი შემოვიდა. მინდა გითხრათ, რომ ეს ფსიქო-ემოციური განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. გარდა იმისა, რომ აქტიურად მოძრაობ, ბუნებასთან ხარ კავშირში და იღებ დადებით ემოციებს; შეიძლება ითქვას, რომ ეს მედიტაციის ერთ-ერთი უმარტივესი და საუკეთესო ფორმაა. გონება გათიშულია ყოველგვარი პრობლემისაგან და მთლიანად მხოლოდ ერთ მიზანზე – სოკოს პოვნაზეა კონცენტრირებული. როცა სოკოს პოულობ, იღებ უდიდეს სიამოვნებას, მეტიც, რაღაც თავისებური ბედნიერების განცდა გეუფლება. მართლაც, თურმე ამ დროს აქტიურდება ბედნიერების ჰორმონის გამოყოფა.
ტყის სოკოსადმი ნდობის ზრდასთან ერთად, იმატა სოკოთი მოწამვლამაც. ამიტომ მინდა რამდენიმე რჩევა მივცე ახალბედა სოკოზე „მონადირეებს“.
სოკოზე მონადირის იარაღია დაწნული კალათა და პატარა დანა, უმჯობესია წითელტარიანი. რატომ წითელი? ბავშობაში მჯეროდა, რომ ტყის ელფებს წითელი ფერი უყვართ და ვისაც ხელში ასეთ დანას დაუნახავენ, იმას ეხმარებიან სოკოს პოვნაში. იქნებ მართლაც ასეა, ვინ იცის? უფრო პრაგმატულად თუ შევხედავთ, სხვა ახსნასაც ვიპოვით: დანა ხშირად იკარგება ბალახში, ან სოკოთი სავსე კალათში. და რა თქმა უნდა წითელტარიანი დანა უფრო ადვილად მოსაძებნია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერის. სოკოს არ უყვარს ხმაური, ამიტომ რაც უფრო ჩუმად იქნებით, მით მეტ სოკოს იპოვით.
ილუზიები, რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს და შეიძლება შეგაცდინოთ:
დამკვიდრებულია აზრი, რომ შხამიანი სოკოს გარჩევა ადვილად შეიძლება რამდენიმე ნიშნის მიხედვით:
1) კარგ სოკოს სასიამოვნო სუნი აქვს, უვარგისს კი მყრალი. ხშირად პირიქით არის: შხამიანი ლამაზიც არის და სურნელოვანიც, ხოლო საჭმელად ვარგისი უსიამოვნო შესახედაობისა და სუნისაა;
2) ხარშვის დროს უნდა ჩააგდო ხახვი ან ვერცხლის კოვზი. თუ ხახვი ან კოვზი გაშავდა, ეს ნიშნავს, რომ სოკო არ ვარგა –ზოგი შხამი მართლაც შედის რეაქციაში და აშავებს ხახვს ან ვერცხლს, ზოგი კი არა. ამიტომ ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება.
3) თუ სოკოს გვერდი ოდნავ მოჭმული აქვს, ის უვნებელია, რადგან შხამიანს ცხოველები და მწერები არ ეკარებიან - ეს არ ნიშნავს, რომ ეს სოკო ადამიანისათვის უვნებელია.
4) სოკო სასარგებლოა ბავშვებისათვის - არა, 5 წლამდე ბავშვებისთვის სოკოს მიცემა არანაირი სახით არ არის რეკომენდებული.

სოკო შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, ბ ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს. იოდს, ფოსფორს, თუთიას. მისი მცირე რაოდენობითაც მიღებისას, სწრაფად იწვევს დანაყრებას და კალორიებს თითქმის არ შეიცავს. ამიტომაც გამოიყენება ასე წარმატებულად გასახდომ დიეტებში.
შეაგროვეთ მხოლოდ ახალგაზრდა სოკო, გადაყარეთ დაბერებული და ჭიანი, რადგანაც სრულიად უვნებელი სოკო დაბერებისას შეიძლება ტოქსინებით იყოს სავსე. უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან შხამიანი სოკოთი მოწამვლა, ადგილობრივი ან მსუბუქი მოწამვლა (პირობითად ვარგისი სოკოს არასწორი გამოყენების შედეგად) და ის შემთხვევები, როცა სოკომ უბრალოდ აწყინა ადამიანს.
როდის შეიძლება მოგვწამლოს სოკომ? როცა მივირთვით შხამიანი ჯიში, ან დაკრეფილ კალათაში თუნდაც 1 შხამიანი სოკო აღმოჩნდა;
როდის შეიძლება სოკომ გვაწყინოს?
მიზეზები:
1. თუკი სოკო არასწორადაა დაკონსერვებული;
2 გადაბერებული სოკო. ზოგიერთი ჯიშის ახალგაზრდა სოკო საჭმელად ვარგისია, ხოლო დაბერებისას მავნე თვისებებს იძენს;
3 ტრასასთან ან წარმოებასთან ახლოს დაკრეფილი სოკო. იგი ადვილად ისრუტავს გარემოში არსებულ ნივთიერებებს და ახდენს მათ აკუმულირებას. ამიტომ სოკო, რომელიც ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში იზრდება, იწოვს ჰაერიდან და ნიადაგიდან მავნე ნივთიერებებს, განსაკუთრებით მძიმე მეტალებს. მათი დიდი რაოდენიობით აკუმულირების შემთხვევაში სრულიად უვნებელმა ჯიშმა შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. ეს უკვე სოკოთი კი არა, იმ ტოქსიკური ნივთიერებით მოწამვლაა, რომლებიც ჭარბადაა იმ გარემოში;
4 სათბურის სოკომაც შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს იმ შემთხვევაში: ა) თუ დიდი ხნის დაკრეფილია. სოკო სწრაფად ფუჭებადი პროდუქტია და მასში სწრაფად გროვდება ტოქსინები; ბ) თუ ნიადაგი, რომელზეც ის არის მოყვანილი, შეიცავს უხარისხო ან ჭარბი რაოდენობით სასუქს;
5 არის ხშირად ისეთი შემთხვევები, როცა სოკო სხვებმაც მიირთვეს, მაგრამ მარტო თქვენ გაწყინათ. ამის მიზეზი სოკო არ არის. ეს თქვენი ჯანმრთელობის პრობლემაა. უფრო ხშირად ეს ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ იტანენ რძეს. ამ შემთხვევაში მათ უნდა მიაქციონ ყურადღება ღვიძლს, რადგან ეს მიუთითებს ფერმენტაციის პრობლემებზე.
6 სოკოს შენახვა დიდხანს არ შეიძლება. იმ დღესვე უნდა მომზადდეს ან უკიდურეს შემთხვევაში მეორე დღეს. არც მომზადებული კერძის ჭამა შეიძლება 2 დღეზე მეტ ხანს.

სოკოს მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აწუხებს თირკმელების უკმარისობა, ქრონიკული ჰეპათითი, ღვიძლის ცეროზი,გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ფაღარათი. ასევე მეძუძური დედებისათვის, რადგან გამოიწვევს ჩვილის მუცლის შებერილობას.
სოკოთი მსუბუქი მოწამვლისას იწყება გულისრევა, პირღებინება, თავბრუსხვევა, მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილები, შეიძლება ჰალუცინაციაც განვითარდეს.
სასწრაფოდ უნდა გამოირეცხოს კუჭი, მიეცეს საფაღარათე საშუალებები, მარილიანი წყალი, მარგანეცის პერმანგანატის სუსტი ხსნარი და, რაც შეიძლება, მეტი სითხე, მინერალური წყალი და ელექტროლიტების ხსნარი. გაუკეთდეს გადასხმები. ასეთი ინტოქსიკაციის შედეგები 3-4 დღეში ალაგდება.

თინათინ თოფურია
ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი; ევროკავშირის ექსპერტი;
ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯორჯ ვიტულკასის მოწაფე და პირადი წარმომადგენელი საქართველოში;
ადამიანის ეკოლოგიის დაცვის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე;
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

Mushrooms are one of the oldest inhabitants of our planet. It is considered, that mushrooms have already existed 400 million years ago. About 1600 species are registered to this day. About 100 species of mushrooms are known in Georgia, however, people refrain from eating dishes prepared with mushrooms in the fear of food poisoning. Collecting mushrooms serve as a superb method of psycho-emotional recreation. Apart from being physically active, you are in close contact with nature and receive positive emotions. One can say that mushroom hunt is best and most simple form of meditation. The mind is free from all the problems and is concentrated exclusively on one goal – to find a mushroom. At last, when it is found – one feels joy and a certain feeling of genuine happiness. Apparently, happiness hormones are released in that moment.

Further, the author discusses some of the false statements around mushroom hunting and cooking, how can we differ harmless mushrooms from poisoned ones and in what cases can mushroom harm us, what symptoms are found during mushroom poisoning and how can we treat them.

პარტნიორები