ინტერვიუ ზაზა ხუციშვილთან

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ჯგუფ „ვაკის პარკის“ სოლისტი ზაზა ხუციშვილი საუბრობს გარემოს დაცვაში არსებული პრობლემების შესახებ: უკანონო თევზჭერის, ბრაკონიერობის, გარემოს დაბინძურებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის გზებზე; ასევე სახელმწიფოსა და მედიის პასუხიმგებლობასა და ფუნქციათა გადანაწილებაზე, საზოგადოებრივ ჩართულობასა და მონადირეთა ინსტიტუციის გაუმჯობესებაზე. ზაზამ ასევე გაგვანდო თავისი, როგორც მონადირის, მეტად საინტერესო გამოცდილება და მოსაზრებები.

- ბატონო ზაზა, საქართველოში დღეს გარემოს დაცვის კუთხით საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს. რით არის ეს პრობლემები გამოწვეული და რა ზომები შეიძლება იქნას გატარებული როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან?

ზაზა ხუციშვილი:
გარემოს დაცვის პრობლემები, რა თქმა უნდა, მძიმედ უდგას საქართველოს, გამომდინარე იმ მემკვიდრეობიდან, რაც მივიღეთ 90-იანი წლების შემდეგ. მოგეხსენებათ, ხე-ტყე ერთადერთი მასალა იყო, რომელსაც ხალხი გადარჩენისთვის იყენებდა. გარდა ამისა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ინვესტორებს პრაქტიკულად ყველა საშუალება ეძლეოდათ, რომ გარემოს დაცვის მოთხოვნებზე თვალი დაეხუჭათ, რამაც ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვია. დღესდღეობით საზოგადოებაც მიხვდა და მთავრობაშიც არის მზაობა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდეს. ყოველწლიურად იხვეწება კანონი და ახალ ინვესტორებსა თუ საწარმოებს ძალიან მკაცრად მოუწევთ თავიანთ საქმიანობაში ყველა იმ ნორმების გატარება, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემის პირობებში იქნება მოთხოვნილი.

- სად გამოიკვეთა ამ კუთხით ყველაზე მძიმე ვითარება?

ზაზა ხუციშვილი:
მოგეხსენებათ, რომ წყალი და ჰაერი არის მთავარი ის სივრცე, რომელიც წარმოების დროს ბინძურდება. ამ საკითხისადმი მიდგომა აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს. მოგეხსენებათ, რომ ჰაერი პირდაპირ ხვდება ჩვენს სხეულში. ხოლო რაც შეეხება წყალს, აუცილებელი არ არის დაბინძურებული წყლის დალევა. ხშირ შემთხვევაში ის გამოიყენება სარწყავად და პირუტყვის წყურვილის მოსაკლავად, რაც, ბუნებრივია, ზიანს აყენებს როგორც ცხოველს, ასევე ჩვენც. მას შემდეგ, რაც „ევრო-5“-ის სტანდარტის საწვავზე გადავედით, ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა შედარებით შემცირებულია. 2018 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური დათვალიერება ისევ აუცილებელი ხდება და ეს ნიშნული კიდევ უფრო დაიკლებს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მანქანის კატალიზატორი და ის სისტემა იქნება, რომელიც ჰაერს მაქსიმალურად იცავს მავნე გამონაბოლქვისგან.

– რა ვითარებაა უკანონო თევზჭერისა და ბრაკონიერობის თვალსაზრისით და რა აღმკვეთი ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებით?

ზაზა ხუციშვილი:
მე ვნახე კადრები, რომლებმაც გამაოგნა: როგორ მისდევს ცურვით ეგერი კარგად შეიარაღებულ, ტექნიკურად აღჭურვილ ბრაკონიერებს. მოგეხსენებათ, რომ უკანონო თევზჭერა ძალიან დიდი და შემოსავლიანი ინდუსტრიაა, საკმაოდ კარგად არიან აღჭურვილები. რა თქმა უნდა, თუ გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს შესაბამისი ტექნიკა და საშუალება არ ექნება, გაუჭირდებათ ბრაკონიერებთან ბრძოლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სისტემაში თანამშრომლები მოტივირებულები იყვნენ. თითოეული დაკავება, რასაკვირველია, კონფლიქტია. იქ მშვიდობიანად არაფერი ხდება. რეალურად რაღაც თვალსაზრისით გმირული თავგანწირვა უწევთ ეგერებსა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, რადგან ხშირად შეიარაღებულ ადამიანებთან უწევთ ურთიერთობა. ამიტომ მათი საქმიანობაც შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. სხვათა შორის, „მწვანე ალტერნატივის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ირაკლი მაჭარაშვილმა, ძალიან საინტერესო წინადადება დააყენა, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კონკრეტულად: სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვალების შემთხვევაში მათაც ისეთივე პატივი მიეგებათ, როგორც ეს ხდება პოლიციელებისა და სამხედროების შემთხვევაში.

– რა როლი აქვს ამ პროცესში სახელმწიფოსა და მედიას? რა არის ის მინიმუმი, რა კუთხითაც უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება?

ზაზა ხუციშვილი:
სახელმწიფო ვალდებულია, რომ ინფორმაციის გავრცელება დაიწყოს სასკოლო პროგრამებიდან. არის ასეთი საგანი, მაგრამ უფრო ძირეულად უნდა იქნას შესწავლილი კანონმდებლობასთან მიმართებით რა როგორ მუშაობს. მედიას რაც შეეხება, სწორედ მასმედიამ უნდა იზრუნოს ცნობიერების ამაღლებაზე, თუნდაც კანონმდებლობის გაცნობაზე. მერწმუნეთ, რომ ბევრი ადამიანი ხშირად არ არის ინფორმირებული, რაზე შეიძლება ნადირობა, რა არის „წითელ ნუსხაში“, როგორია ნადირობის მეთოდები, რომელია ბრაკონიერული და რომელი – დაშვებული. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა. მედიამ უნდა გააცნოს როგორც კანონმდებლობა, ასევე იმუშაოს საერთოდ ბუნების მიმართ ადამიანის სიყვარულის გაღვივებაზე. შიდა ტურიზმმა დიდი ტემპებით იწყო ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველებმა დაიწყეს საქართველოს დათვალიერება. არა მარტო ისტორიული ძეგლების, არამედ ეროვნული პარკებისაც. ამ მიმართულებით წახმარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება.

– დღეს ყველა მსურველი, რომელიც იარაღს ყიდულობს, ავტომატურად მონადირის სტატუსს იღებს. როგორ ფიქრობთ, რა რეგულაციები უნდა არსებობდეს და როგორ უნდა მიეწოდოს დამწყებ მონადირეებს გარკვეული საბაზისო ინფორმაცია?

ზაზა ხუციშვილი:
ჩემი აზრით, თუკი ზრდასრული ადამიანი გადის ელემენტარულ სწავლებას იმისათვის, რომ საჭესთან დაჯდეს და იაროს, მონადირემ, რომელიც გადაწყვეტს ნადირობას, სწავლების მოკლე კურსი უნდა გაიაროს: უსაფრთხოების, იარაღთან მოპყრობის და ა.შ. მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას ძალიან ბევრი კლუბი. უნდა არსებობდეს რაღაცის მიხედვით გაერთიანებული კლუბები. იქნება ეს რეგიონი, ძაღლი, თუ რომელიმე ფრინველზე ნადირობა. ბევრს არ მოსწონს ამის ხსენება, მაგრამ კომუნისტების დროს საჭირო იყო ორი მონადირის რეკომენდაცია. აქაც იგივე უნდა იყოს დაშვებული. დასტური იმისა, რომ ადამიანს გავლილი აქვს რაღაც ეტაპები. ასე არის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. გერმანიაში ან ჩეხეთში რომ აიღო თოფი და წახვიდე სანადიროდ, ასეთი რამ წარმოუდგენელია.

– რა აზრისა არიან ამ საკითხზე თვითონ მონადირეები?

ზაზა ხუციშვილი:
მონადირეებს მიაჩნიათ, რომ ეს გაურთულებთ მათ ცხოვრებას. ასევე ფიქრობენ, რომ ნადირობა ხდება ძვირი სიამოვნება. დიახ, ნადირობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ძვირი სიამოვნებაა, რადგან რაც ცოტაა, ის ყოველთვის ძვირია. ხუთი ათასი კურდღელი ასი ათასმა მონადირემ როგორ უნდა გაიყოს, თუ არა ფასის რეგულაციით? ამაზე პასუხი არც მე მაქვს და არც არავის. რატომ შენ და არა სხვამ? ამიტომ არის დაწესებულ ფასი. მე ვერ ვეტყვი ადამიანს, რომელსაც ფული არა აქვს, როგორ უნდა ისწავლოს სამთო-სათხილამურო სპორტი, ან როგორ უნდა ისეირნოს იახტით. ყველაფერი ეს გარკვეული თანხა ღირს და ნადირობასაც აქვს თავისი ფასი.

– როგორ ფიქრობთ, გარკვეული სტაჟის მქონე მონადირეებმაც უნდა გაიარონ გამოცდა, თუ მხოლოდ დამწყებებმა?

ზაზა ხუციშვილი:
ძველი მონადირეებისთვის, რომლებსაც გარკვეული სტაჟი აქვთ ნადირობისა, ალბათ უხერხული იქნება ამისი მოთხოვნა. გარკვეულ ორგანიზაციებში ვინც იყვნენ გაწევრიანებულები, მათ ალბათ ავტომატურად მიენიჭებათ სტატუსი.

– თქვენ, როგორც მონადირეს, დარწმუნებული ვარ, არაერთი საინტერესო ისტორია გადაგხდენიათ. რომელი იყო ყველაზე მძაფრი შეგრძნება, რაც ნადირობის დროს გამოგიცდიათ?

ზაზა ხუციშვილი:
საერთოდ, რაც უფრო დიდია ნადირი, ადრენალინიც უფრო მეტია. ხშირად ღორზე ვნადირობ ხოლმე. მისი გამოსვლის დროს მართლა რაღაც განსაკუთრებული ემოცია აქვს ადამიანს. ყველა ნადირობის დროს ინსტრუქტაჟს ვატარებთ. მაშინ ღორზე ნადირობის დიდი გამოცდილება არ მქონდა. გავიგე, რომ როდესაც კოლტი გამოდის, პირველი მოდის ნეზვი, შემდეგ მოდის ტახი და მოჰყვება ბურვაკობა. მოხდა ისე, რომ ჩვენს ნომრებში ერთი პატარა კოლტი გამოვიდა და ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა პატარა ბურვაკი მოინადირა. გამოვიტანეთ ეს ბურვაკი, მანქანაზე დავტვირთეთ. უცებ ჩვენს ნომრებთან მოვიდა ორი აზერბაიჯანელი მწყემსი. ბევრი იჩხუბეს ერთმანეთში, არ ვიცი, რა ჰქონდათ გასაყოფი, ენა არ მესმოდა. მოკლედ, ყველაფერი მოხდა ისე, რომ იქ ღორი აღარ უნდა გამოსულიყო. უცებ წამებში ატყდა ყეფა და ისევ დავუბრუნდი ჩემს ნომერს. ვიდექი ჭალიდან მოშორებით 30 მეტრში. ღორს ერთი ეშმაკობა სჩვევია, თუ იცის, რომ ჭალაში ელოდებიან, ან თუ ვინმე გაინძრა, გარბის და წრეზე გამოდის. მოკლედ, გამოვიდა პირველი ღორი, დავაკვირდი და მივხვდი, რომ ნეზვი იყო. მოჰყვა უკან ისეთი უშველებელი ღორი, არც მანამდე და არც იმის შემდეგ აღარ მინახავს. დაახლოებით 20-22 მეტრში იყო. ამოვიღე მიზანში, ვესროლე და დავარდა. ალბათ გამოუცდელობით მომივიდა, რომ საკონტროლო აღარ ვესროლე. სანამ მე ვზეიმობდი, რომ ამხელა ღორი მოვინადირე, ეს დავარდნილი ტახი უცებ წამოხტა და გაიქცა. ამ დროს მოხდა მეორე კურიოზიც. ჩემს მეგობარს, დიდი შეცდომა მოუვიდა. თოფზე დაუყენეს კალიმატორი და გაუსინჯავად წამოიღო სანადიროდ. ამ ჩემმა დაგდებულმა და მერე გაქცეულმა ღორმა ზუსტად ათ მეტრში ჩაუარბინა. თვითონ კალიმატორში იყურებოდა და უმიზნებდა ძველი მეთოდით, როგორც იცოდა. ხუთჯერ ესროლა და ვერ დააგდო, არადა ძალიან კარგად ისვრის. როგორც მერე გავარკვიეთ, ლულა ცაში ქონდა მიშვერილი. საყვედურიც ვუთხარით, შეუმოწმებელი თოფით რომ წამოვიდა.

– რა ადგილი უჭირავს ახლა თქვენს ცხოვრებაში მუსიკას? უკანა პლანზე ხომ არ გადაიწია?

ზაზა ხუციშვილი:
პოლიტიკას ძალიან ბევრი დრო მიაქვს. დაწყებული კითხვით, რადგან, ისეთ მნიშვნელოვან კანონებზე, რომლებიც შემოდის, გამორიცხულია ზეპირად გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად ვარ მაჟორიტარი. უბანში არის უამრავი საქმე. მოსახლეობასთან შეხვედრები, შემდეგ გადამოწმება, რა კეთდება და ა.შ. ამას ემატება პარლამენტში მუშაობაც, ორ კომიტეტში ვარ, დელეგაციები, შეხვედრები. მაგრამ მიუხედავად ამისა, მუსიკისთვის დროს მაინც ვპოულობ.

Hard Rock კაფეში ვუკრავ. Interview Zaza Khutsishvili, the First Deputy Chairman of Environmental Protection and Natural Resources Committee of Georgian Parliament, discusses various problems of environment protection; different solutions of problems like Illegal fishing, poaching, littering and other important issues. He talks about the shared responsibilities of state and media, public engagement and improvement of hunting culture in general. As an experienced hunter himself, Mr. Khutsishvili shares some very interesting thoughts and experiences of his own.

პარტნიორები