ლევან ყიასაშვილი - ძვირფასი სანადირო თოფი

მონადირისთვის ყველა თოფი ძვირფასია. ძალიან ხშირად სანადირო თოფი განუყრელ მეგობრად იქცევა ხოლმე მფლობელისთვის. არ აქვა მნიშვნელობა ბრენდს, მოდელსა და ღირებულებას, უბრალოდ, კარგად აქვს მორგებული და უამრავი სასიამოვნო მოგონება აკავშირებს მასთან. თუმცა ამ ელემენტარული ჭეშმარიტების გარდა, ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს განსაკუთრებულად დამზადებული და ხელნაკეთი სანადირო იარაღიც. ეს კი მარტივად არ მოსულა დღევანდელობამდე. დღეს არსებულ ძვირფას სანადირო იარაღი წარმოადგენს ეს სახე რომ მიეღო, რამდენიმე ასწლეული და უამრავი ექსპერიმენტი დასჭირდა. ალბათ არ იქნება სადავო, რომ ადამიანი ყოველთვის მიდრეკილი იყო ესტეთიკური მხარისადმი. ეს გამოიხატება ნებისმიერ წარმოებასა და ინდუსტრიაში. არც სანადირო იარაღია გამონაკლისი. უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანი ყოველთვის ცდილობდა რაიმე მიემატებინა და ლამაზად შეემკო თავისი იარაღი, იქნებოდა ეს მშვილდი თუ შუბი. სავარაუდოდ, აქედანვე მოდის სასაჩუქრე ვარიანტებიც. ბელადები და დამსახურებული მეომრები თუ მონადირეები განსაკუთრებით შემკულ იარაღს ფლობდნენ (რაც არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება). ეს ტენდენცია უცვლელად გაგრძელდა მოგვიანო პერიოდშიც უკვე ცეცხლსასროლ იარაღზე. გაჩნდა მოთხოვნა სამეფო ოჯახის წარმომადგენელებისგან, თავადაზნაურობისა და, უბრალოდ, მდიდარი ადამიანებისგან. ისინი უკვეთავდნენ განსაკუთრებით ძვირფას და საიმედო იარაღს ძირითადად ან სასაჩუქრედ ან საკუთარი სიამოვნებისთვის. ამან კი გამოიწვია აღნიშნული დარგის სწრაფი განვითარება. გაჩნდა უამრავი ფირმა და წარმოება, მათ შორის ძალიან ბევრი დღეისთვის უკვე ლეგენდარული.

ასეთ თოფებს შორის უძველესად ბერეტა მიიჩნევა. არსებობს დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რომ პიეტრო ბერეტას, ქალაქ ბრეშიას მახლობლად, დაუფუძნებია ფირმა, სადაც იგი ლულებს ამზადებდა. დოკუმენტი თარიღდება 1526 წლით. ხოლო მის მემკვიდრეს, ჯოვანი ბერეტას უკვე თოფების წარმოება დაუწყია. ზოგადად, სანადირო თოფმა განვითარების ძალიან რთული ეტაპები განვლო. დაწყებული უმარტივესი, ეგრთ წოდებული ფილთა თოფიდან, დღეს არსებული ურთულესი სისტემებით დამთავრებული. 3000–ზე მეტი სისტემაა შექმნილი ამ დროის მონაკვეთში. თუმცა ამ დარგის აყვავების ხანა იყო მე–19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე–20 საუკუნის პირველ ნახევრამდე. სწორედ ამ პერიოდში ეძლევა სანადირო თოფს ის სახე, როგორითაც დღეს გვხვდება. ზოგიერთი სისტემა გაცილებით მარტივი, თუმცა პრაქტიკულად გამართლებული გამოდგა. მაგალითად ენსონის და დილის სისტემა, ეგრეთ წოდებული ბოქსლოკი, თავისი ტექნიკური მახასიათებლებით, სანდო, მაგრამ შედარებით მარტივი და, აქედან გამომდინარე, იაფიც, მეტად წარმატებული გამოდგა. სწორედ ამიტომ ფართოდ გავრცელდა. ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდი იყენებდა ამ სისტემას შედარებით იაფფასიანი თოფებისთვის. თუმცა არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც, როდესაც ძალიან ძვირფასი თოფები დამზადდა. მაგალითად, ნიკოლოზ მეორის ლებო–კურალი, 20 კალიბრის.

როდესაც მეიარაღეს უკვეთავდნენ ძვირფას თოფს, რა თქმა უნდა, ის ამზადებდა ყველაზე ძვირფასი სისტემით და მასალებით. მსგავს ძვირფას სისტემას, შეიძლება ითქვას, ლეგენდარულსაც, წარმოადგენდა ფრედერიკ ბიზლის მიერ შექმნილი სისტემა, რომელიც ჯეიმს პერდემ შეიძინა და მხოლოდ ამ სისტემაზე ამზადებდა თოფებს (თუ არ ჩავთვლით ჩახმახიან ვარიანტებს). ეს ურთულესი და უნიკალური სისტემაა. გარდა სისტემის უნიკალურობისა, მზადდებოდა წარმოუდგენელი სიზუსტითა და სინატიფით. ასეთი დონის შესრულება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და მხოლოდ ხელით კეთდება. პარალელურად უნიკალური სისტემა შექმნა ჰოლანდმა, ერთი შეხედვით, უფრო მარტივი, თუმცა გენიალური მიგნებით. პირადად ჩემი აზრით, ჰოლანდის მიერ შექმნილი სისტემის გაუმჯობესება უბრალოდ შეუძლებელია, იგი თავისი მონაცემებით სრულყოფილი სისტემაა. ყველაფერი ისეა განლაგებული, ასწლეულების მანძილზე რომ ვერ მოეძებნება ნაკლი და სუსტი წერტილი, რაც დაამტკიცა კიდეც თავისი არსებობის მანძილზე.

ასევე განსაკუთრებული და უნიკალური სისტემა აქვს შექმნილი თეოფილ ბრიტს. ამ სისტემასაც იყენებდნენ მეიარაღეები ძვირფას თოფებზე. მაგალითად, ლებოს აქვს დამზადებული ოთხი თოფი მისი სისტემით. დღეს ეს თოფები რარიტეტად ითვლება.

ზემოაღნიშნული გახლავთ ძვირფასი თოფის ერთი მხარე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სალულე ფოლადი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული. როგორც წესი, მეიარაღები მაგ დროს უკვეთავდნენ ვიტვორტის ლულებს, რომლებიც ცალობით მზადდებოდა. ასევე შეფილდის ფოლადს, სახელწოდებით – „ტოლედო“; ასევე, ბელგიელები ძვირფას თოფებზე ძალიან ხშირად იყენებდნენ ვალრეინის და ლეგრანის ფოლადებს. საკონდახე მასალა უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული, რაც საკმაოდ დიდი ფუფუნება გახლავთ.

ასეთი სისტემებითა და მასალებით ნაკეთებ თოფს, რომელიც ხელით კეთდებოდა თვეების მანძილზე, რა თქმა უნდა, მხატვრული გაფორმებაც შესაბამისი უნდა ჰქონოდა. გრავირება, რომელიც ამ დონის თოფებზე კეთდებოდა, ნელ-ნელა ხელოვნების დონეზე ავიდა. სწორედ ამ მხრივ გამოირჩეოდა ისეთი ლეგენდარული იარაღის სახლები, როგორებიცაა: პერდე, ჰოლანდი, ვუდვარდი, ბოსი, ჩერჩილი, უილიამ ევანსი, სკოტი, გრინერი, ლებო–კურალი, ფრანკოტი, ფორჟერონი, ანტონინ დეფურნი, დეფურნი სევრინი, ბოტსონი, დიქსონი, მაკნაუტონი, ფორე ლე პაჟი, გასტინ რენე, იოჰან შპრინგერი, ბიტნერი, შტრემპელი, ლეგენდარული ლებედა, ნოვოტნი და სხვა მრავალი. აქ ჩამოთვლილი მეიარაღეებიდან ზოგიერთს ლომის წილი მიუძღვის თანამედროვე თოფის შექმნაში. მაგალითად, პერდეს მიერ შექმნილი ჩამკეტი ჩარჩო დღეს არსებული თოფების უდიდეს ნაწილზე გამოიყენება. ეს დიდი მეიარაღეები გარკვეულ კრიზისულ პერიოდებში ამზადებდნენ შედარებით იაფფასიან თოფებსაც, განსაკუთრებით დიდი წარმოების მფლობელები (ფრანკოტი, სკოტი, გრინერი). თუმცაღა, იმავე სკოტის „იმერიალ პრემიერი“ იმ დროის ყველაზე ძვირიან თოფად ითვლებოდა. თუ პერდეს თოფი 950 ფუნტი ღირდა, სკოტის „იმპერიალ პრემიერი“ 1075 ფუნტად ფასობდა. ეს (და არა მარტო) მეიარაღეები მაინც ელიტური თოფების შექმნაზე იყვნენ ორიენტირებულნი. მათი ნაკეთები უმაღლესი კლასის სანადირო თოფები აღარ არის უბრალოდ კარგი იარაღი - აქ იარაღი და ხელოვნება შერწყმულია.

A Precious Hunting Gun

All guns are precious for a hunter. Very often, a hunting gun becomes an inseparable friend to its owner. Neither a brand, nor a model or cost matters, it is just connected to a lot of pleasant memories and fits him/her perfectly over time, but apart from this being a universal truth, everyone knows that there are peculiarly crafted, handmade hunting weapons. Author reviews the growth of demand and supply of precious guns throughout centuries. The guns of some legendary manufacturers became universal due to their coherent system, solid steel, precious stocks and artistic decoration. Lastly, author points out how such items are no longer only the high-class guns; instead, they represent a meeting point of art and weapon.

პარტნიორები