ოთარ ლომთაძე - მგელი

დაიბადა 1937 წლის 25 ივლისს ქალაქ თბილისში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი კიბერნეტიკის განხრით. 1962 წლიდან 45 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში. გახლავთ არაერთი გამოგონებისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი კიბერნეტიკის დარგში. მინიჭებული აქვს შრომის ვეტერანის წოდება.

ბატონი ოთარი ბავშობიდან გახლავთ ნადირობით გატაცებული. შედეგად, 1963 წელს იგი გაწევრიანდა „მონკავშირიში“, ხოლო 1974 წლიდან საზოგადოებრივ საწყისებზე ჩაება „მონკავშირის“ მუშაობაში და სათავეში ჩაუდგა ფაუნის დაცვისა და მტაცებელ ნადირ–ფრინველთა მარეგულირებელ სექციებს. მინიჭებული აქვს საქართველოს საპატიო მონადირის წოდება. იგი ერთ–ერთი თანაავტორია მონადირული კრებულისა „მონადირე და მეთევზე“. სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთში გამოქვეყნებული აქვს 40–მდე სტატია ნადირობაზე, სანადირო იარაღსა და გარემოს დაცვაზე. ოთარ ლომთაძე რედაქტორობდა ჟურნალს „მიმინო“ 1999 წელს და ჟურნალს „ნადირობა“ 2003 წელს. იგი ავტორია 2011 და 2012 წლებში გამოცემული ორი ფუნდემენტური ნაშრომისა: „სანადირო თოფი“ და „ბუნება და ნადირობა“. მის სახელთან არის დაკავშირებული ცნობილი მონადირის, ნატურალისტისა და მონადირული ლიტერატურის კლასიკოსის ა.ა კალინოვსკის სახელის ხელახალი აღზევება. 2013 წელს გამოსცა კალინოვსკის ალბომის „Охоты Кавказа“ ასლი, ბიოგრაფიის თანდართვით და ნარკვევის „Очерк Кавказской Фауны и Кавказских Охот“ თარგმანი.

ბატონი ოთარის სურვილით მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და ახლო მომავალში მონადირის დარბაზის შესაქმნელად იგი ბიბლიოთეკას გადასცემს უნიკალურ მონადირულ ლიტერატურას, სანადირო იარაღის კატალოგებს და პრეისკურანტების კოლექციას, აგრეთვე ინგლისური ფირმის „ჯეომს პერდეს“ და ფრანგული –„იდეალის“ სანადირო თოფებს.

მგელი

რამდენიმე ათასი წელიწადია მგელი და ადამიანი ერთ გარემოში თანაარსებობენ. ამ დროის განმავლობაში იცვლებოდა მათი ურთიერთდამოკიდებულების ფორმები და ხასიათი. თუ თვალს გადავავლებთ ქართული ხალხური ანდაზების კრებულს, აღმოვაჩენთ, რომ მგელზე ქართველებს 55–მდე ანდაზა შეუქმნიათ, მაშინ, როდესაც დათვსა და მელაზე ერთად – მხოლოდ 40–მდე.

უცხოელი ზოოლოგების მეცნიერული კვლევების მიხედვით დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იქ, სადაც ადამიანი სამეურნეო საქმიანობას არ ეწევა, მგლის სრული ლიკვიდაცია, ან მისი რაოდენობის რეგულირება დაუშვებელია (რეგულირებაში ყოველთვის რაოდენობის შემცირება იგულისხმება, რადგან რაოდენობის გაზრდას გამრავლება ეწოდება), ვინაიდან დაირღვევა ის ბალანსი, რომელიც ათასწლეულებში მგელსა მის მსხვერპლ გარეულ ჩლიქოსნებს შორის ხანგრძლივ თანაარსებობას განაპირობებდა: გარეული ჩლიქოსნები ისე გამრავლდებიან, რომ სულ გადაჭამენ მწვანე საფარს და შემდეგ ეპიზოოტითა და შიმშილით ამოწყდებიან. ამერიკელმა, კანადელმა და რუსმა ზოოლოგებმა დაადგინეს, რომ მგელსა და მის მსხვერპლ გარეულ ჩლიქოსნებს შორის გარკვეული ხნის შემდეგ მყარდება ეკოლოგიური წონასწორობა, რომლის დროსაც 1 მგელზე მოდის 30 ცხენირემი, ან 100 ირემი, ან 120 ირმის, შვლის, ჯიხვის, არჩვისა და გარეული ღორის ერთობლიობა (ეს ასეა, მაგალითად, კავკასიის ბიოსფერულ ნაკრძალში).

ნიშანდობლივია, რომ ამ ეკოლოგიური წონასწორობის შემოქმედია მგელი, ეს მრავალმხრივ გამორჩეული და შესანიშნავი ცხოველი. იგი თავის რიცხოვნობას თვითონ ირეგულირებს მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით: როდესაც მსხვერპლი საკმარისი რაოდენობითაა, მაშინ ძუ მგელი შობს და გაზრდის 5–8 ლეკვს და ბუნებრივი ყოველწლიური ნამატი 30%–ია. როგორც კი მსხვერპლის რაოდენობა დაეცემა, მან კიდეც რომ შობოს იგივე რაოდენობა, ანუ 5–8 ლეკვი, გამოზრდის მხოლოდ 1–2-ს და ამით ბალანსი მგლის პოპულაციასა და მისი მსხვერპლის რაოდენობას შორის საწყის ნიშნულს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში მყარდება ჰარმონია ბუნების ყველა ელემენტს შორის: მგელი უზრუნველყოფილია საკვებით, გარეული ჩლიქოსნების პოპულაცია ჯანსაღდება იმის გამო, რომ მგელი უპირატესად დეფექტურ, ავადმყოფ ცხოველებს კლავს, ხოლო მწვანე საფარი გადაურჩება განადგურებას ჩლიქოსანთა რიცხოვნობის შეზღუდვის გამო.

მგელი ხორცისმჭამელი მტაცებელია. ამიტომ კაცობრიობის განვითარების გარიჟრაჟზე დამოკიდებულება ადამიანსა და მგელს შორის ისეთივე იყო, როგორიც მგელსა და მის მსხვერპლს შორის. მგელი თავს ესხმოდა ადამიანს ისევე, როგორც ირემსა და შველს. განსაკუთრებით ემტერებოდა ქალებსა და ბავშვებს, ვინაიდან ისინი უფრო ადვილი დასამორჩილებლები იყვნენ.

დამოკიდებულება მგელსა და ადამიანს შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ადამიანმა გარეული ცხოველები მოიშინაურა და ისინი საძოვრებზე გაიყვანა. იმისათვის, რომ მგელმა ირემი ან შველი დაიმორჩილოს, სულ ცოტა 4–5-ჯერ მაინც უნდა სცადოს მაშინ, როდესაც ცხვარს პირველსავე შეტევაზე იმორჩილებს. ამიტომ იყო, რომ მგელმა შინაური პირუტყვი მაშინვე თავის „მენიუში“ შეიტანა, რასაც ადამიანი ვერასდროს შეეგუება.

მგლის პოტენციური „რაციონის“ მკვეთრ ზრდას, „მტაცებელ-მსხვერპლის კანონის“ თანახმად, მგლის რიცხოვნობის მკვეთრი ზრდა მოჰყვა. მგელმა თავისი რიცხოვნობა დაირეგულირა გარეული ჩლიქოსნების რაოდენობას მიმატებული მისთვის ხელმისაწვდომი შინაური საქონლის რაოდენობით. იქიდან გამომდინარე, რომ განვითარებულ ქვეყნებში შინაური პირუტყვის რაოდენობა რამდენიმე ათეულჯერ და ასეულჯერ აღემატება გარეული ჩლიქოსნების რაოდენობას, ამ უკანასკნელთან მიმართებით მგლის ბალანსი მკვეთრად დაირღვა.

რუსმა ზოოლოგმა მაკრიდინმა მრავალწლიანი კვლევების შედეგად დაადგინა, რომ მგლების რაოდენობა არა მოცემულ ფართობზეა დამოკიდებული, არამედ მათში შინაური პირუტყვის რაოდენობაზე. ხოლო ჯერ კიდევ მე–19 საუკუნის ბოლოს რუსი ნატურალისტი საბანეევი მივიდა დასკვნამდე, რომ ცივილიზებული ქვეყნებისთვის მგელი არის პარაზიტი, რომელიც ძირითადად ადამიანის ხარჯზე ცხოვრობს.

ეს ფაქტი აქტუალურია საქართველოსთვისაც, სადაც მგლის პოტენციური საკვები შედგება 6 მილიონი შინაური პირუტყვისა და 20–30 ათასი გარეული ჩლიქოსნისგან. ამიტომ მგელი მრავლდება მოსახლეობის კუთვნილი შინაური პირუტყვის ხარჯზე, რის შედეგადაც იგი 99%–ით პარაზიტია და მხოლოდ 1%-ით – ბუნების სანიტარი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თავის რიცხოვნობას დაირეგულირებდა 20–30 ათასი გარეული ჩლიქოსნის მიხედვით, ანუ 200–300 ერთეულამდე.

ევროპელთა ცხოვრების წესი ბევრისთვის მისაბაძი გახდა; ვგულისხმობთ ევროპულ სტანდარტებს იურისპრუდენციაში, განათლებაში, მედიცინაში, სოფლის მეურნეობასა თუ ბუნების დაცვაში. როგორია ეს სტანდარტები მგელთან მიმართებით?

ევროპაში ყველაზე ადრე ეს პრობლემა ინგლისმა მოაგვარა. 966 წელს მეფე ედგარმა თავის ქვეშევრდომებს შფოთი შეუნდო მხოლოდ ერთი პირობით: აჯანყებულებს მისთვის ხარკი უნდა ეხადათ მგლის თავებით. ამას გარდა მან ბრძანა, რომ სხვადასხვა ჯარიმას, გადასახადსა და ბაჟს ისინი გადაიხდიდნენ დახოცილი მგლებით. მე–15 საუკუნის ბოლოს ინგლისში არცერთი მგელი აღარ იყო. ბოლო მგელი შოტლანდიაში მოკლეს 1680 წელს, ხოლო ირლანდიაში – 1710 წელს. უელსის ერთ ქალაქს იმ ძაღლის სახელი ჰქვია, რომელმაც მგლის კბილებისაგან პატარა ბავშვი იხსნა.

საფრანგეთში, ლუდოვიკო XII–ის კარზე საეგერო სამსახურის ლეტენანტი, რობერ დე სალნოვი წიგნში „სამეფო ნადირობა“ ამტკიცებდა, რომ მას მგლისაგან მოკლული 300–მდე ადამიანი უნახავს. ლუდოვიკო XIV–ის დროს მგლებზე ნადირობის სამსახური ყველაზე კარგად ფინანსდებოდა. ნაპოლეონის დროს, 1805 წლის 22 მარტის დადგენილებით, სახელმწიფო ტყეებში ნადირობის უფლება ეძლეოდათ იმ მონადირეებს, რომლებიც ინადირებდნენ მგლებზე. ისინი ვალდებულნი იყვნენ მეტყევეებისთვის შეეტყობინებინათ მათ მიერ მოკლული მგლების რაოდენობა და ამის დასამტკიცებლად მიეტანათ მოკვეთილი მარჯვენა თათი. ამავე ბრძანებით, მგლის მოკვლაზე საფრანგეთში დაწესდა პრემია: ერთ მგელზე 12 ფრანკი, ძუ მგელზე – 15, მაკეზე – 18, ლეკვზე – 3 ფრანკი. მე–19 საუკუნის ბოლოს გაიზარდა დაწესებული პრემიები და, შედეგად, 1884 წელს ამოღებულ იქნა 1035 მგელი, 1892 წელს – 307, 1896 წელს კი 170, რაც ნათლად მეტყველებს მგლის რაოდენობის მნიშვნელოვან კლებაზე. მეორე მსოფლიო ომის წინ საფრანგეთში არცერთი მგელი აღარ იყო.

მე–20 საუკუნის 90–იანი წლების დასაწყისში დასავლეთ ევროპაში ასეთი მდგომარეობა იყო: დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, გერმანიას, შვეიცარიას, ავსტრიას, ჰოლანდიასა და ბელგიას არცერთი მგელი აღარ ჰყავდა. ამ ქვეყნებში მგელი ბრაკონიერებმა კი არ გადააშენეს, არამედ იგი სახელმწიფო ბუნებისდაცვითი სტრუქტურების წინასწარ დაგეგმილმა, დაფინანსებულმა და განხორციელებულმა კამპანიამ გაანადგურა, რომლის მთავარი ინსტრუმენტი იყო პრემიალური სისტემა.

სხვა ქვეყნებმა, მაგალითად, რუმინეთმა, ბელორუსიამ, რუსეთმა მგლის პრობლემა ვერ მოაგვარა მისი სირთულის გამო. ზოგმა ქვეყანამ მგლის სრული ლიკვიდაცია ან ვერ მოახერხა, ან შეგნებულად არ განახორციელა და დაიტოვა მისი სიმბოლური რაოდენობა. 90–იანი წლებში დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოებიდან შეაღწია მგლების უმნიშვნელო რაოდენობამ. ამ ქვეყნების მთავრობებმა, დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, გაითვალისწინეს ბუნების მოყვარულთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნები და ისინი დაიტოვეს, როგორც ბიომრავალფეროვნების ელემენტი.

ამრიგად, ბოლო ათწლეულებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ასეთი ვითარება დამყარდა: 4 ქვეყანაში არცერთი მგელი არ იყო, ხოლო დანარჩენი ქვეყნების ტერიტორიის 1000 კმ²-ზე მოდიოდა 0,01-დან 4-მდე მგელის ერთეული. თუ გავიხსენებთ, რომ მგლის ყოველწლიური ბუნებრივი ნამატი აღრიცხული რაოდენობის 28–32%–ს შეადგენს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ქვეყნებმა ეს სიმჭიდროვე დაადგინეს ოპტიმალურ რაოდენობად და მის შემდგომ ზრდას შეგნებულად აფერხებდნენ; ჩავთვალოთ ქვეყნის ტერიტორიის 1000 კმ²–ზე 4 მგელი ევროპულ სტანდარტად.

ისმება კითხვა: რატომ მოსპო ზოგმა ევროპულმა ქვეყანამ საერთოდ მგელი, ხოლო ზოგმა რამდენიმე ათეული და ზოგ შემთხვევაში ასეული დაიტოვა? მათ არ იცოდნენ, რომ მგელი „ტყის სანიტარია“? ნუთუ ასეთი გაუნათლებლები იყვნენ?! ანდა რას ეყოფოდა, მაგალითად, ჩეხოსლოვაკიის 400 ათასამდე ირემს, შველს, მუფლონს, ცხენირემსა და გარეულ ღორს 370 „სანიტარი მგელი“?! ანუ 1080 გარეულ ჩლიქოსანს – 1 მგელი? (1980 წლის მონაცემები).

სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით (ვახტანგ მეექვსე, დავით გურამიშვილი, ვახუშტი ბატონიშვილი, შარდენი და სხვები) ირკვევა, რომ საქართველოში მგლისგან მიყენებული ზიანი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მასთან ბრძოლა გამუდმებით მიმდინარეობდა. მე-20 საუკუნის დამდეგს მისი პოპულაცია ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა. 1923 წელს გაზეთში „ზარია ვოსტოვკა“ დაიბეჭდა წერილი „მგლები ტფილისის ქუჩებში“: „...ერთ დღეში სამი თავდასხმა: ჩერქეზიშვილის ქუჩაზე მგელმა დაკბინა გუშაგი პოლიციელი, მეეზოვე და რკინიგზის მუშა... სამი დღის წინ ტფილისის 11 რაიონში გამოჩნდნენ მგლები... გუშინ, დღის 5 საათზე ერთი მგელი თენებისას მოკლეს საბჭოს ქუჩაზე“
მგლის თარეში საქართველოში გაგრძელდა 1931 წლამდე, ვიდრე საბჭოთა საქართველოს მთავრობა იძულებული არ გახდა დაეწყო მგლის წინააღმდეგ ბრძოლა პრემიალური სისტემის შემოღებით.

1931-86 წლების მონაცემებით, ანუ 55 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად იღებდნენ 267-დან 1187-მდე მგელს, ე.ი. წელიწადში საშუალოდ 628-ს. 1960, 70-იან და 80-იან წლებში საქართველოში მგლის რიცხოვნობის რეგულირების ინტენსივობა საკმარისი რომ არ იყო მისი პოპულაციის ევროპული სტანდარტების დონემდე დასაყვანად, ჩანს ზოოლოგიის ინსტიტუტის უფრ. მეცნიერ-თანამშომლის კ.ტ. ბარათაშვილის გამოკვლევებიდან: „რესპუბლიკაში მგლების უმეტესი ნაწილი დასპეციალებული იყო შინაური ცხოველების ჭამაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. თვით ნაკრძალებშიც კი, სადაც ჩვეულებრივ ბევრი გარეული ჩლიქოსანია, შინაური პირუტყვის წილი მათ რაციონში მნიშვნელოვანია. მაგალითად, ბორჯომის ნაკრძალში მტაცებელთა წლიურ კვებაში შინაური ცხოველები შეადგენენ 28,9%-ს, ხოლო გაზაფხულსა და ზაფხულში – 60-70%-ს. ისინი პირუტყვებს ხოცავდნენ არა მხოლოდ საძოვრებზე, არამედ სოფლებთან ახლოსაც.“

სტატიის დასასრულს, თავს შევიკავებ დასკვნებისაგან და ჟურნალის მკითხველს დავუსვამ შეკითხვას: სად გადის ზღვარი ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ადამიანის უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებას შორის?

The number of wolves is a matter of self regulation due to the quantity of potential victims. AS a result, there is a harmony among all elements of nature: wolves have a regular reach to food, population of wild ungulate mammals becomes healthier (because wolves mainly hunt defective, sick animals) and green zones are safe from destruction due to controlled quantity of ungulates.

Ever since the wolves added domestic cattle to their “menu,” they have regulated their quantity according to the sum of ungulate mammals and the amount of available domestic animals within its reach. In developed countries, the overall quantity of domestic cattle exceeds the number of wild ungulates ten, or even hundred times, hence, the latter has significantly disproportioned the balance of the wolves.

Potential food sources for wolves in Georgia consist of 6 million domestic animals and 20-30 thousand wild ungulates. This is why wolves multiply on the expense of domestic cattle owned by locals. This makes wolves 99% into parasites and only 1% as a “nature sanitar”. Otherwise, wolves would regulate their quantity to 200-300 units (corresponding to the number of 20-30 thousand wild ungulates).

პარტნიორები