ცხენი და ადამიანი

ცხენი კაცობრიობის ისტორიაში ადამიანთან ყველაზე მეტად დაკავშირებული ცხოველია. იგი ადამიანის ერთგული მეგობარია ჭირშიცა და ლხინშიც. ტექნოლოგიურმა განვითარებამ დააშორა ერთმანეთს ეს ორი განუყრელი მეგობარი. დაშორებას გაუცხოება მოჰყვა. ხშირად გაგვიგია საუბარში, რომ ცხენი არც ისე გონიერია და ერთგული. თუ ცხენებს კარგად არ ვიცნობთ, მართლაც, შეიძლება მოგვეჩვენოს, თითქოს იგი ნაკლებად მეგობრული და მოსიყვარულე არსებაა ვიდრე, მაგალითად, ძაღლი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითა. ვისაც წილად ხვდა ბედნიერება ცხენთან ნამდვილი მეგობრობისა, მან იცის ცხენის ფასი. გამოცდილი მეჯინიბე თვალის ერთი შევლებით შეამჩნევს მოწყენილია ცხენი თუ გაბრაზებული, დაღლილი თუ გახარებული. თავის მხრივ, ცხენიც უშეცდომოდ გრძნობს პატრონის შინაგან მდგომარეობას. იგი სხვადასხვა ადამიანთან განსხვავებულად იქცევა. ბუნებით მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებასთან იგი გაცილებით უფრო თვინიერი და მორჩილია. ამასთანავე, ცხენის გაწვრთნას მტკიცე ხასიათი, დიდი შრომა და ფაქიზი მგრძნობელობა ჭირდება. ამიტომაც ცხენთან ურთიერთობა უაღრესად სასარგებლოა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი– ბავშვებისათვის. ძნელია გადმოსცე ის ფიზიკური შეგრძნებები, რომლებსაც ცხენზე ჯდომისას განიცდი. ვისაც გიჯირითიათ ნავარდით, დამეთანხმებით, რომ ეს ფრენისმაგვარი გრძნობაა, რომელიც კიდევ და კიდევ გინდა განიცადო, მაგრამ მთავარი და უმთავრესი მაინც ცხენთან ნამდვილი მეგობრობის სიხარულია. ეს სიხარული ერთნაირად ახარებს ცხენსაც და ადამიანსაც. ცხენთან დამეგობრება, მისი გულის მოგება ყველას შეუძლია, განურჩევლად ასაკისა, ეს ძალიან ადვილია. სულ მცირე ყურადღებას ან ერთ ნატეხ შაქარს ცხენი უსათუოდ დაგიფასებთ და ორმაგად გადაგიხდით. ამგვარი ხერხებით დამყარებული ურთიერთობა აუცილებლად გახდება ჭეშმარიტი მეგობრობის საწინდარი.

ცხენოსნობით გატაცება სიყრმიდან ღრმა მოხუცებულობამდეა შესაძლებელი და ერთნაირად ხელეწიფება ქალებსა და კაცებს. დღემდე საცხენოსნო სპორტი ერთადერთია, სადაც მამაკაცები და ქალები ერთად ასპერეზობენ და ქალები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, რადგან ცხენოსნობაში ფიზიკური ძალა კი არაა გადამწყვეტი, არამედ ისეთი უნარები, როგორებიცაა: ალღო, ინტუიცია, პედაგოგიური ნიჭი და უფროსობის უნარი. ჯირითის უმაღლესი მიზანია ჰარმონიის მიღწევა ადამიანსა და ცხენს შორის. ეს აკეთილშობილებს ადამიანს და აახლოებს მას ბუნებასთან.

დღეს მთელს დედამიწაზე მილიონობით ადამიანია დაკავებული საცხენოსნო პროფესიონალური და სამოყვარულო სპორტითა და ტურიზმით; ცხენი კურნავს მრავალ დაავადებას; იგი გამოდის თეატრალურ წარმოდგენებში და თამაშობს კინოში. თავიდან კი ასე როდი იყო. შევეცდებით მოკლედ მოგითხროთ ცხენის წარმოშობისა და ადამიანთან პირველი ურთიერთობების შესახებ.

თანამედროვე შინაური ცხენის წინაპარი ჰირაკოტერიუსი დაახლოებით 50 მლნ წლის წინ ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გაცილებით უფრო პატარა ზომისა იყო, ვიდრე თანამედროვე ცხენი და ცხენისთავიან მელას წააგავდა. თანამედროვე ცხენის (ლათ. EQUUS CABALLUS) ფორმებს ჰირაკოტერიუსმა რამდენიმე ევოლუციური საფეხურის გავლით დაახლოებით 5 მლნ წლის წინ მიაღწია (იხ. სურათი). სადღაც 2,5 მლნ. წლის წინ ცხენი იმ დროს არსებული სახმელეთო გზით გადავიდა ჩრდილოეთ ამერიკიდან ევრაზიაში და იქ გავრცელდა. ჩრდილოეთ ამერიკაში დარჩენილი ცხენების პოპულაცია ძვ.წ.აღ. IV ათასწლეულში სრულიად გადაშენდა ამ კონტინენტიდან. ცხენები მხოლოდ XVI საუკუნეში შეიყვანეს ჩრდილოეთ ამერიკაში ევროპელმა კოლონიზატორებმა. ევროპელების მიერ შყვანილი ცხენები მუსტანგების სახელწოდებით არიან ცნობილნი. გარეული ცხენის სახეობათაგან დღესდღობით შემორჩენილია ტარპანი (ლათ. equus ferus ferus) და პრჟევალსკის ცხენი (ლათ. equus ferus przewalski). მოშინაურებამდე ცხენი ნადირობის ობიექტს წარმოადგენდა. თანამედროვე მეცნიერების აზრით, ცხენის უნდა მოეშინაურებინათ ევრაზიული სტეპების დასავლეთ ნაწილებში (ტერიტორია თანამედროვე უკრაინიდან თანამედროვე ყაზახეთის დასავლეთამდე) ძვ.წ.აღ. V–IV ათასწლეულებში მომთაბარე ხალხებს სამხედრო საქმისათვის. ძვ. წ. III საუკუნეში მოშინაურებული ცხენის ნიშნებს ვხვდებით მთელს კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და დუნაისპირეთში, მოგვიანებით – ახლო და შუა აღმოსავლეთში, ცენტრალურ ევროპაში, შუა აზიაში, ჩინეთში, აფრიკასა და ევროპაში. ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიც იყვნენ: ასურეთი, ბაბილონი, ეგვიპტე, ცხენი ჩნდება ძვ.წ.აღ. 2000–1500 წლებში მომთაბარე ხალხებთან ურთიერთობის შედეგად.

თავდაპირველად ცხენი ეტლში შეაბეს ძვ.წ.III–II ათასწლეულში. ძვ. წ. X საუკუნეში ჩნდებიან უბელო ცხენზე ამხედრებული მეომრები. ამრიგად, ცხენი გახდა სამხედრო საქმის ყველაზე მთავარი ნაწილი. ხანგრძლივი სელექციის შედეგად მომთაბარე ტომებმა შექმნეს მშვენიერი, მსუბუქი და ამტანი ცხენის ჯიშები, რომელთაც ყველაზე უფრო თანამედროვე თურქმენული და არაბული ცხენები ენათესავებიან. პირველი უნაგირები ჩნდება ასურეთსა და ევრაზიის სხვადასხვა მომთაბარე ტომებში ძვ.წ.აღ. დაახლოებით VII საუკუნეში. უნაგირი მხედრის სიმდიდრესა და სოციალურ მდგომარეობას ასახავდა. 2000 წლის წინათ ინდოეთში ტყავის უზანგებს ხმარობდნენ. რკინის უზანგის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება (ძვ.წ.აღ.IV საუკუნე). რკინის უზანგის გამოგონება მნიშვნელოვანი ეტაპია ცხენოსნობის ისტორიაში. პირველი ნალები ტყავისა და მცენარეული წარმოშობის იყო (გადამუშვებული ჩალა, კანაფი, ბამბუკი). რომაელები რკინის ე.წ. ჰიპოსანდალებს იყენებდნენ, რომლებიც თასმებით მაგრდებოდა ფლოქვებზე. ითვლება, რომ რკინის ნალები კელტებმა გამოიგონეს. ეს მეტად წინგადადგმული ნაბიჯი იყო. დღემდე რკინის ნალი ფაქტიურად შეუცვლელია. ისევე როგორც უზანგი, ლაგამიც თავიდან რბილი მასალებისაგან იყო დამზადებული (ცხოველის ძარღვი, კანაფი) და შემდეგ შეიცვალა რკინით. უძველესი დროიდან XX საუკუნის დასაწყისამდე ცხენი რჩებოდა უმნიშვნელოვანეს სამხედრო „იარაღად“. კავალერიაში უპირატესობა განაპირობებდა ცალკეულ იმპერიათა წარმატებასა და მარცხს, აღზევებასა და დაცემას.

ზურაბ ჭინჭარაძე

Technological progress has parted the two inseparable friends – horses and men, and this is the author’s deep concern. Upon the separation, alienation also followed. In author’s opinion, horse is as friendly and as loving of a creature as dog, for example. Communicating with this animal is highly beneficial to human beings, especially children, because training a horse requires a will power, a lot of work and gentle sensibility.

To this day, horseback riding is the only sport where men and women compete together. Ladies are usually even more successful at it, because physical power is not a key when it comes to this discipline, but instinct, intuition, pedagogic skills and leadership counts the most.

Author takes us on a historical journey afterwards, from Hyraotherium inhabitant of 50 million years ago and first horses domesticated by nomads in 4000-5000 BC to 19th century and beginning of 20th century, where horses became one of the most important military weapons, when superiority in cavalry decided the success and failure of certain empires, their rise and their fall.

პარტნიორები