სამშობლო – კრებითი ცნებაა

...სამშობლოა ერის ჯიში და ჯილაგი, მოდგმის უთვალავ თაობათა უწყვეტი ჯაჭვი, დინება... სიცოცხლის მუდმივი ესტაფეტა... სამშობლოა ამ თაობათა ნამოქმედარ-ნაღვაწი... ღვინო და პური, ნაფიქრი, ნათქვამ-ნაწერი, ნაშენები და დანახატი, ნამღერებ-ნამუსიკარი, ნაცეკვი, ნაჭედი ხმალი და გუთანი, მუდმივი შეუპოვარი ბრძოლა სამშობლოს შესანარჩუნებლად...  და მიწა-წყალი... ადგილი, რომელიც უხსოვარი დროიდან მოგვანიჭა განგებამ და სადაც ცოცხლობს და ჰგიებს ყველაფერი ის, რასაც სამშობლო ჰქვია... ...ჩვენ, ქართველები, იმ ეროვნებათა რიცხვს ვეკუთვნით, რომლებიც ათადან-ბაბადან ერთ ადგილზე, თავის მიწაზე ცხოვრობს...
…    რატომაა “თავისი”?.. არც სხვისთვის წართმეული, არც “საკუთრების შეძენა-გაფორმებით” მოპოვებული არაა “თავისი”... “თავისია” მიწა, რომელიც ერის თაობებისაგანაა შექმნილი... ეს არაა მეტაფორა... ეს მატერიალური რეალობაა... წინაპართა უთვალავი თაობა ჩადიოდა ამ მიწაში... ჩვენ ჩვენი წინაპრების მიწად ქცეულ ნეშტსა და ფერფლზე დავდივართ და ჩვენც იქ ჩავალთ... “მიწა ხარ და მიწად იქეცო” _ ეს წყევლა არაა, დალოცვაა... “დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო”... რას ითხოვს პოეტი?.. მხოლოდ და მხოლოდ განგების დიდი კანონის აღსრულებას _ თავის წიაღში დაბრუნებას... ეს წიაღი ჩვენთვის მხოლოდ აქაა... სხვაგან არ არსებობს და ვერც იარსებებს...
…    ამ მიწა-წყალზე ჩვენ გარდა ხომ ცოცხლობენ და ჩვენსავით გადიან თაობათა ესტაფეტას სხვა ცოცხალი არსებები _ ნადირ-ფრინველი, მთელი ფაუნა... გავიხსენოთ, რომ ისინი ჩვენი სამშობლოს ნაწილს წარმოადგენენ...
...განგებამ შექმნა მუდმივი შეჯიბრი ცოცხალ არსებათა შორის... ამ შეჯიბრის მიზანია არა ვინმეს დამარცხება და განადგურება, არამედ პოპულაციათა სიჯანსაღისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება-გაძლიერება... განგებამ ჩვენც, ადამიანებიც, იმთავითვე ჩაგვრთო ამ შეჯიბრში... მაშინ დაიბადა ნადირობაც _ ადამიანის უძველესი პროფესია... მაგრამ ადამიანის გონება ისე განვითარდა, ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, ისეთი რამეები შექმნა და მოიგონა, რომ შეუძლია ამ შეჯიბრის წესისა და კანონის (რომელსაც ავტომატურად ემორჩილება ყველა – მგელიცა და ტურაც) წუთში გადათელვა... შეუძლია თავად შეჯიბრის მოსპობაც (აბა, რა შეჯიბრია, ჯეირანს სირბილში ვერტფრენით გაეჯიბრო?..)   უარესიც!.. ადამიანს შეუძლია ამ ცოცხალ არსებათა თავად საარსებო გარემოს მოსპობა და ამას აკეთებს კიდეც!.. (მაგალითია პირწმინდად ამოჟლეტილი დურაჯი და ჯეირანი... ამოჟლეტის პირას მიყვანილი სხვა ნადირ-ფრინველი...)
...მაგრამ ადამიანს ისიც შეუძლია, რომ აღადგინოს, უმკურნალოს და მოაშუშოს ბუნების პირღია ჭრილობები, შექმნას შეუვალი დაცვისა და აღორძინების პირობები... საფრთხე დიდია და კარსმომდგარი... როცა სახლში ხანძარი იწყება, სიგიჟეა ჩაქრობაზე ზრუნვის სახვალიოდ გადადება... წამსვე უნდა აგუგუნდეს განგაშის ზარები...
...განგაშის ზარების შემოკვრაა ამ ჟურნალის მთავარი მიზანი... ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ყურისა და გულისათვის მიწვდენა განგაშის შინაარსის ახსნა გაცნობიერებისა...
…    ამ ჟურნალმა უნდა შეასრულოს თავის გადარჩენის ინსტრუქციის როლი დამღუპველი ეპიდემიის დროს...
...გზა დავულოცოთ!..
... და გვახსოვდეს: პრობლემა გადაუჭრელია მხოლოდ სპეციალისტებისა და ენთუზიასტების ცალკეული ჯგუფების ძალისხმევით... მასშტაბი დიდია, ქვეყნის მომცველი... მხოლოდ მთლიანად სახელმწიფოს, მთელი ერის ბოლომდე გათვლილი და გაცნობიერებული ქმედებით შევძლებთ საფრთხის შეჩერებას...

ნაწყვეტი ვაჟა გიგაშვილის დოკუმენტური მოთხრობიდან
„ნადირობა ჩონ-ტაშში“
...
წინა საღამოს ამინდი აირია. ძლიერი ქარი ამოვარდა. ქვემოდან შემორეკა ყომრალი ღრუბლები, ამოტენა და მთლად ჩააბნელა ხეობა. სწრაფად დაღამდა. დადგა უკუნეთი სიბნელე. დასცხო წვიმა და მერე ეს წვიმა ხორხოშელად გადაიქცა. ვიჯექი ბნელ კარავში ბაიყუშივით და ვუსმენდი ქარიშხლის ღრიალს. არც სანთელი მქონდა და არც ფანარი, დაძინება კი ძნელი საქმე იყო. კარავს დასავლეთიდან აწყდებოდა ქარიშხლის ტალღა. ერთი კალთა ისე ჩამოიბურთა, რომ თავზე დამეხურა. მეორე, პირიქით, გარეთ გაიბერა. კარავი ყველა ფოლაქსა და თასმაზე მქონდა შეკრული და კარგადაც დაჭიმული, მაგრამ ძონძივით ცახცახებდა და ფარფატებდა. ყოველ წუთს ველოდი, რომ მომგლეჯდა. ისეთი ღრიალი და ხრიალი იდგა, თითქოს კლდეები ირღვევა და შვავის ნიაღვარი თავზე გეხორავებაო. როგორც კი შენელდებოდა ქარიშხლის შემოტევა, გასარჩევი ხდებოდა უფრო შორეული ხმები: ხეობიდან მოდიოდა საზარელი კივილი, ჩხავილი და ღმუილი. უცებ ატყდებოდა უცნაური ხორხოცი და ჭახაჭუხი, მერე მას გულის გამყინავი მოთქმა და სასოწარკვეთილი წივილი ცვლიდა. ხორხოშელა ისე ურტყამდა კარავს, თითქოს ზედ ცოცხებს უბრახუნებენო. ქარიშხლის ამოსუნთქვის წამებში უცნაურად ჩაერთვებოდა ხოლმე მდინარის გახელებული ბურტყუნი და ხმამაღალი ოხვრა, კარვის გარშემო აწყვეტილი ზღაპრული ნადირივით დაჯლიგინებდა გრიგალი. ისეთი შთაბეჭდილება იყო, თითქოს უზარმაზარი ცოცხალი არსება მოძრაობსო: მკაფიოდ ისმოდა, როგორ გაიშლიგინებდა ხან კარვის წინ, ხან უკან. ხან კივილით დატრიალდებოდა ზემო ტერასებში, ხან ისევ კარავს დაებრდღვნებოდა შეშლილი ღრიალით და მაშინ ამ გამაყურებულ ღრიალში ინთქმებოდა ყველა სხვა ხმა.
ვიჯექი დაძაბული და ვფიქრობდი კოსტაზე: ვაითუ, გზაშია და ვეღარ მოაღწია აქამდე?!.. ამისთანა ჯოჯოხეთურ ღამეში სრულიად წარმოუდგენელია და უაზრო ყოველგვარი მოძრაობა. ალბათ სადმე ქვებში შეაფარებს თავს, როგორ გაძლებს დილამდე მშიერი და გზით დასუსტებული?...
განსაკუთრებით მაშინებდა ხეობიდან მომავალი გამყრუებელი ხრიალი და ჭახაჭუხი. ვინ იცის, მერცბახერის ტბამ გამოხეთქა და მისმა ნიაღვრებმა წალეკეს მთელი რიყე. ვინ იცის, კოსტა სწორედ სადმე მის ნაკადებს შორისაა? ვარაუდით, სწორედ ამ დროისათვის გამოაღწევდა მყინვარის ბოლო მორენებში და სადმე რიყეში უნდა გადმოდიოდეს...
მერცბახერის ტბა ინილჩეკის მყინვარზე ზედ შუა ქედის კიდეზე მდებარეობს. სიგრძით სამ კილომეტრს აღწევს, სიღრმით ორმოცი მეტრია.

ზაფხულობით, ცხელი დღეების შემდეგ, მყინვარის სხეულში დნება ტბის წყალქვეშა საცობები და წყლის გიგანტური მასა იძვრება მყინვარის ქვეშ მის მიერვე გათხრილ გვირაბში. სამ-ოთხ დღეში მთელი ტბა იცლება და ამ დროს საშინელი სისწრაფით წამოსული ნიაღვრები კიდით კიდემდე ავსებენ ინილჩეკის კილომეტრის სიგანე კალაპოტს. იქაურობა ერთ მთლიან კოშმარულ წისქვილად იქცევა. ნიაღვრებისაგან წამოღებული გოლიათური ლოდების ხეთქება და ტრიალი ქვებსა ფქვავს და უწმინდეს სილად აქცევს.
ამ ორომტრიალში გავიდა სამი საათი. განუწყვეტელმა დაძაბულობამ მომთენთა და არ ვიცი, რამდენი ხნის ჩათვლემილი ვიყავი, როცა ადამიანის კივილმა გამომაფხიზლა.
„კოსტა!“ - დავიყვირე და როგორ გავხსენი კარავი და გამოვვარდი გარეთ, აღარ მახსოვს...
„ეეეეეე!..“ - შეშლილივით ავღრიალდი ქარიშხალში. მერე გამოვათრიე თოფები და ავტეხე ბათქი.
არავითარი პასუხი. გარშემო ისევ გადარეული დოღია გამართული. გრიგალი ფეხზე არ მაყენებს. ჩაკუნტული ვტენი თოფს და ვისვრი. ისევ ვტენი და ისევ ვისვრი...
წვიმამ უკვე მოასწრო ჩემი თავიდან ფეხებამდე გალუმპვა. უკუნი სიბნელის გარდა ქარიშხალი საშუალებას არ მაძლევდა თვალები ღია მქონოდა გადაბმულად ერთი წუთის განმავლობაში.
ისევ კარავში შევძვერი. დაძაბული და აცახცახებული ვზივარ კარებთან. ვუსმენ. კივილი აღარ განმეორებულა.
მომეჩვენა?... მაგრამ ღრიალ-ყმუილის ამ ნაირგვარობაში ეს კივილი იმდენად განსხვავებული და აშკარად ადამიანისა იყო, რომ შეუძლებელია, მომჩვენებოდა. არადა, კივილი გარკვევით ზემო ტერასიდან მოვიდა. იქ რა უნდა კოსტას?... რაც გინდა გზა აბნეოდა, იქ მაინც ვერ მოხვდებოდა.
სიცივისგან ვძაგძაგებდი. გავიხადე სველი ტანსაცმელი და გერმის საძილე ტომარაში შევძვერი, ტომრიანად წამოვჯექი და ასეთ სულელურ პოზაში გავატარე ღამე. არაფრით არ შემეძლო დაწოლა და დაძინება. თითქოს ამითი აშკარად ვწირავდი და ვღალატობდი კოსტას.
გათენებისას მაინც ჩამთვლიმა და ამჯერად უეცრად დამყარებულმა დუმილმა გამომაფხიზლა.გარეთ ცრიატი შუქი და ღრუბლები ჩუმად, გამალებით გადადიოდნენ ქედებზე. წყნარი მზიანი დილა თენდებოდა. საჩქაროდ ჩავიცვი და გამოვედი. ორლულა თოფი და ბინოკლი ავიკიდე და მყინვარის ენისაკენ გზას დავადექი.
ძველ ნაბანაკართან წყაროსპირა ჯაგებიდან კაკბები წამოვაფრთხე და დუპლეტით ჩამოვყარე ორი ცალი. იქვე, მაღალ ბუჩქზე ჩამოვკიდე ისინი და გზა განვაგრძე. მყინვარის ბოლო მორენებში გავედი, ბევრი ვიყვირე და რამდენჯერმე გავისროლე. მერე გვერდის კულუარში გადავედი და იმ ღარში, მე და ჯოკიამ რომ ნანადირევი ჩამოვუშვით ნახევრად ავძვერი. აქედან კარგა ხანს ვათვალიერე მორენა. იქიდანაც ვისროლე და ვიკივლე, მაგრამ არავის უპასუხნია.
სუფთა, კრიალა დილა დადგა. მდინარეც წყნარად მოდიოდა. ნიაღვარი კი არა, თითქოს კიდევ დაეკლო წყალს. სიმშვიდე იყო. არსად ნაწვიმარი არ ეტყობოდა. ლამის იყო, ვიფიქრე, ღამით ყველაფერი მომეჩვენამეთქი.
ბანაკში დავბრუნდი. ცეცხლი გავაჩაღე. კაკბები გავბრტყვენი და შევწვი. ყავა მოვხარშე და ის იყო, საუზმეს შევუდექი, რომ ზემოდან ყვირილი მოისმა. ორი კაცი იდგა ლოდებიან კეხზე და ხელებს მიქნევდნენ. გამოვიტანე ბინოკლი, გავარჩიე ერთის შინდისფერი გერმის ქურთუკი და მივხვდი, რომ გივი იყო. სირბილით წავედი ზევით.
გივი მექარავნე ყირგიზებთან ერთად ტერასებზე მიგდებულ ძველ კოშში მოთავსებულიყო. თავი გადაპარსული ჰქონდა. მზეზე გარუჯულიყო. შეფერთხილი და გაახალგაზრდავებული ჩანდა. ამერიკული „ვესტერნის“ კინოვარსკვლავს ჰგავდა...
სეტყვასავით დავაყარეთ ერთმანეთს კითხვები და პასუხები. ნახევარი ვერაფერი გავარკვიეთ და დამშვიდების შემდეგ ისევ თავიდან ჩავატარეთ ერთმანეთის საფუძვლიანი გამოკითხვა. გუშინ საღამოს ჩამოსულან უღელტეხილიდან. „საშინელ ქარიშხალში მოვხვდით და ბანაკს ვეღარ მოვაგენით... რამდენჯერმე დავიკივლეთ და არავინ გვიპასუხა. მერე კოშს წავაწყდით და დავბინავდითო“...

The competition among all living beings was created by divine providence…the aim of this competition is not a defeat of someone, nor annihilation, but strengthening the health, maintaining vitality and wellness of population. God has drawn us humans in this competition as well, this where hunting takes origins – the oldest profession of a human being. However, human consciousness has evolved so fast, reached such grate heights, created and designed such things, that he can now crush all the rules of this competition and its laws. He can now cease the competition itself (is competition fair if one outruns a gazelle with a helicopter?), moreover, A man can destroy all conditions of these living beings and this is exactly what he does (completely exterminated gazelles and francolins can serve as a perfect example…other animals and birds near extinction…)
But a man can also revive, heal and soothe the open wounds of nature, create the unbreakable surroundings of protection and rebirth…the danger is huge and it is near. When fire bursts at your home, leaving the extinguishment for tomorrow is madness…alarm bells should ring instantly! The primary goal of this magazine is to ring these alarm bells…our objective is to reach as many hearts and ears as possible and make this urgency conscious and explain it.

ვაჟა გიგაშვილი

პარტნიორები